2010 წლის 18 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგად არჩეული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა.
სხდომა გახსნა N66 ხობის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია ლომაიამ, რომელმაც საკრებულოს გააცნო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგები და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომის თავმჯდომარეობა გადააბარა საკრებულოს უხუცეს წევრს მურმან ბუკიას.
მისასალმებელი გამოსვლების შემდგომ საკრებულოს სხდომა შეუდგა მუშაობას.
დღის წესრიგი დამტკიცდა 7 განსახილველი საკითხით: დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა; საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა.
დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შემდგომ, საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით სხდომაზე გამოცხადდა შესვენება. შესვენების დამთავრებისთანავე, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ მ. ლატარიამ სხდომას გააცნო წარმოდგენილი საარჩევნო მასალები და კომისიის დასკვნის საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მიენიჭა საკრებულოს ახალარჩეულ ოცდათერთმეტივე წევრს.
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდგომ სხდომა შეუდგა საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნებს.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 31 წევრიდან 28 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მამუკა ჭოხონელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, 28 ხმით - კახა ბუკია.
საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ:
საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, 29 ხმით - მურმან ბუკია
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ, 28 ხმით - მერაბ სილოგავა
საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ, 28 ხმით - ბორის ჯიქია
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, 29 ხმით - დალი გერგაია
საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, 29 ხმით - გოჩა ქაჯაია
საკრებულოში ასევე შეიქმნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თემურ გულუა.
საკრებულოს კომისიათა შემადგენლობების დასაკომპლექტებლად კონსულტაციების გამართვისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების მიერ შესაბამისი წინადადებების წარმოსადგენად, საკრებულოს მორიგი სხდომა დაინიშნა 2010 წლის 25 ივნისს.