ხობის კულტურის სახლში გაიმართა თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო კონცერტი. სიმფონიურ ორკესტრს დაარსებიდან 85 წელი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც ორკესტრი ტურნეს მართავს საქართველოს რეგიონებში.
სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, დაუვიწყარი საღამო აჩუქა კლასიკური და კინო მუსიკის მოყვარულებს. ამ საღამოს ერთმანეთის მონაცვლეობით ჟღერდა მასკანის ინტერმეცო, სულხან ცინცაძის ,,სოფლური საცეკვაო“, ალექსი მაჭავარიანის ,,დოლური“, ნ. მემანიშვილის ,,ხორუმი“, გია ყანჩელის მუსიკა მხატვრული ფილმიდან „შერეკილები“, რომელიც კომპოზიტორის 75 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ასევე - ჰანგები დაუვიწყარი ქართული კინოფილმებიდან.
კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მსმენელი ოვაციებით და ,,ბრავოს“ ძახილით აცილებდა და მადლობას უხდიდა სიმფონიურ ორკესტრს და მის ვირტუოზ დირიჟორს.