23 ოქტომბერს ქალაქ ხობს სტუმრობდნენ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ მდინარაძე,ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა და მძლეოსნობის ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს სხდომათა დარბაზში საპატიო სტუმრები მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. შეხვედრისას მსჯელობის მთავარი თემა მუნიციპალიტეტში მძლეოსნობის განვითარებაზე ზრუნვა და მხარდაჭერა იყო. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით ახალგაზრდობის სპორტულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის შემდგომი თანამშრომლობისათვის საინტერესო პროგრამები. რაც სასიკეთო გავლენას იქონიებს სპორტული მონაცემების მქონე ახალგაზრდების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.
შეხვედრის დასასრულს, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის საკრებულოს თავმჯდომარეს მაია აზარაშვილის სახელობის სამახსოვრო თასი გადასცა.