მაქვს პატივი, მოგესალმოთ და მოგილოცოთ კარს მომდგარი შობა-ახალი წლის დღესასწაული. ეს თარიღი განსაკუთრებულია დღესასწაულთა შორის, რადგან ძველისა და ახალი წლის გზაგასაყარზე ყოველთვის დგება ჟამი ერთგვარი ანგარიშისა, როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე, მით უფრო, როცა ცხოვრობ მასშტაბური ცვლილებების, გასაოცრად დინამიურ სამყაროში, როცა თავად ხარ მოწმეცა და მონაწილეც იმისა, თუ როგორ შეიძლება დავუპირისპიროთ ნგრევას შენება, ომს - მშვიდობა, როგორ შეიძლება შევქმნათ ქვეყნის სახელმწიფოებრივი იმიჯი, ვაწარმოოთ სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ვიყოთ პროგრესირებადი ქვეყანა.
ყოველივე ეს უდავოდ არის საფუძველი, რომ ახალმა საქართველომ ღირსეულად დაიმკვიდროს ისტორიულად კუთვნილი ადგილი, არის საფუძველი, რომ ვიყოთ ამაყნი, რომ თვითონვე შეგვიძლია გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ ღირსეულ წარსულს და, ასევე, შევქმნათ უკეთესი, ახალი დემოკრატიული საქართველო.
2010 წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო სხვადასხვა თვალსაზრისით, თუმცა კვლავ ზრუნვის საგანია სამუშაო ადგილები, მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ინფრასტრუქტურის შენება რეგიონებში, უკეთესი სოციალური პირობები. ჩვენთვის პრიორიტეტად კვლავ თქვენი, ხალხის აზრი, ინტერესი და მისწრაფებები რჩება, რამეთუ ხალხი და ხელისუფლება ერთია, სხვაგვარად წარმოუდგენელია წარმატება.
ჩვენ გვაქვს საფუძველი სიხარულის, იმედის, რწმენის. ამ განწყობით კიდევ ერთხელ გვინდა მოგილოცოთ 2011 წლის დადგომა. გისურვოთ სულიერი და ხორციელი სიმრთელე, მშვიდობა ოჯახში და ქვეყანაში, სიყვარული ყველგან და ყოველთვის.
მამუკა ჭოხონელიძე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე