9 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე შეხვდა სოფელ ჭალადიდის მოსახლეობას, პედაგოგიური კოლექტივისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე, იმ ინიციატივებზე რასაც ხელისუფლება აყენებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი ნაკლებად მტკივნეული გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის. „ენერგოვაუჩერი დარიგდა, უახლოეს დღეებში ყველა ოჯახი მიიღებს სასურსათო ვაუჩერს. ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, ხალხი დაუცველი არ აღმოჩნდეს პრობლემის წინაშე. მნიშვნელოვანია ხელისუფლების ინიციატივა, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს თავის ისტორიულ დარგს და გახდეს აგრარული ქვეყანა. ხელისუფლება მზად არის, გვერდში დაუდგეს თავის ხალხს ამ ინიციატივის განსახორციელებლად, რაც, უდავოდ, სასიკეთოდ წაადგება თითოეულ ჩვენგანს, მთელ ქვეყანას დღესაც და სამერმისოდაც“ - აღნიშნა მ. ჭოხონელიძემ.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან დაისვა სოფლის ცენტრისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების საკითხი, განხილულ იქნა სოფლის დახმარების პროგრამის პრიორიტეტები, სხვა პრობლემური საკითხები.
შეხვედრა გულახდილი დიალოგის, საქმიანი დისკუსიისა და პოლემიკის ფორმატით წარიმართა. ეს შეხვედრა ერთგვარად ანგარიშის ჩაბარებაც იყო ჭალადიდის მოსახლეობისათვის, თუმცაღა, საკრებულო მზადაა, თავის მიერ 2010 წელს გაწეული მუშაობის სრულფასოვანი ანგარიშით უახლოეს ხანებში წარსდგეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე.
შეხვედრა შეაჯამა საკრებულოს თავმჯდომარემ „მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მოსახლეობას ვხდებით არა მხოლოდ იმისათვის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა, რა კეთდება და როგორია მომავლის ჩვენეული ხედვა, არამედ იმიტომაც, რომ თქვენგან მოვისმინოთ თქვენი პიროვნული სატკივარი, თქვენი სოფლის პრობლემები. არც ჩვენ და არც თქვენ, ცხადია, არ გვინდა შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისათვის, ჩვენი ყოველი შეხვედრა უნდა იყოს საქმიანი, მიზანდასახული და შედეგიანი“.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრები გაგრძელდება.