2011 წლის 31 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დასაწყისში განმარტა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის N109 დადგენილების 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. საკრებულოს სხდომაზე განსახილველად უნდა გატანილიყო ერთი საკითხი: ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის შავღელეს უბნისთვის სოფლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მაგრამ, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მას დაემატა მეორე საკითხიც: „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა. დღის წესრიგის დამტკიცებამდე მამუკა ჭოხონელიძემ ისაუბრა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის მნიშვნელობაზე. 1991 წლის 31 მარტი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეთა სრულმა უმრავლესობამ, მიუხედავად ეთნიკური სხვადასხვაობისა, მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხმამაღლა განაცხადა თავისი ურყევი ნება - მას სურდა დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში ეშენებინა სამოქალაქო საზოგადოება და საქართველო ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ 31 მარტი არის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და საზოგადოებას თხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ზვიად გამსახურდიასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა: დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ხალხის მიერ განსაზღვრულ თავის პოლიტიკურ ორიენტაციას, მის მომავალს, საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს არ შეექმნას საფრთხე, მოხდეს დაკარგული ტერიტორიების შემოერთება და თავისი ღირსეული ადგილი ჰქონდეს მსოფლიო ქვეყნების თანამეგობრობაში. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთად დგომით, ერთიანობით, ბევრი შრომითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებითაა შესაძლებელი.