2011 წლის 9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ხსოვნის ველი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაული მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვეტერანებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მათ დამსახურებას ერისა და ქვეყნის წინაშე - „არა ომს, არა ძალადობას! 9 მაისი სწორედ სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეა. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ გავხდებით მოწმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისა არა ომით, არა ძალადობით, არა სისხლისღვრით, არამედ მშვიდობით, უნდობლობის ძლევითა და ჰუმანიზმით“.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავს და უსურვებს მხნეობას, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს.