2011 წლის 8 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (გგპ) წარმომადგენელთა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე, საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებლის მოადგილეები და გამგეობის სამსახურის უფროსები. შეხვედრის თემა იყო „თემის მობილიზაციის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტში". საკრებულის თავმჯდომარე მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის განხორციელებას ხობის მუნიციპალიტეტში და სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა პროექტის ორგანიზატორებს. გგპ-ის წარმომადგენელთა განმარტებით, მათი მიზანია, ყველა სოფელში ჩამოყალიბდეს თემის განვითარების გეგმის პროექტის შემმუშავებელი საინიციატივო ჯგუფი. წარმოდგენილი პროექტი განიხილება გგპ-ის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ. მოწონებული პროექტი, ნაწილობრივ, დაფინანსდება გგპ-ის თემის ფონდიდან, ნაწილობრივ კი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
გაეროს განვითარების პროგრამა ხორციელდება ხობის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქ ფოთში.