18 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გამართული გალა კონცერტით დაიხურა ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“. კონცერტზე შედგა საფესტივალოდ შექმნილი ახალი სიმღერების პრეზენტაცია, რომლებიც უცხოელმა და ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს. ასევე გაიმართა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების-ვლადიმერ ბარქაიას, გიორგი სიჭინავასა და მურთაზ ხურცილავას საიუბილეო საღამო.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფესტივალის ორგანიზატორმა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობის“ პრეზიდენტმა გოდერძი ბუკიამ გალა კონცერტის მონაწილეებთან ერთად შეასრულა საფესტივალოდ შექმნილი ახალი სიმღერა.
კონცერტი დასრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი ფესტივალის ჰიმნითა და ფეიერვერკით.