5 თებერვალს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი აბულაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. საუბარი შეეხო ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებისათვის ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაზიფიცირება, სადრენაჟე არხების მოწყობა-ამოწმენდა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის ხელშეწყობა, მოსახლეობის გამრიცხველიანება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მ. ჭოხონელიძის მიერ დაისვა საკითხი ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალი თემების, სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განვითარების შესახებ. იმსჯელეს სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო გარემოს გაუმჯობესებისა და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის საშუალებებზე. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი გოგა ღურწკაია მოკლე ანგარიშით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე და ისაუბრეს იმ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებაც, ადგილობრივი ბიუჯეტითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2012 წელსაა დაგეგმილი, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პარლამენტისა და მთავრობის წევრთა შეხვედრამ ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გულახდილი დიალოგისა და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.