9 მაისს 67 წელი შესრულდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა ხეთის დიდების მუზეუმში ყვავილებით შეამკეს შინმოუსვლელთა სიმბოლური საფლავები. ვეტერანებს მიესალმნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გ. ღურწკაიამ. „გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომლიც დადგომაც თქვენმა და თქვენმა თანამებრძოლებმა განაპირობეთ საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად. თქვენ იცოდით, რისთვისაც იბრძოდით და გამარჯვებაც მოიპოვეთ. ჩვენ კი ძმათამკვლელი ომი გამოვიარეთ მტრის, მომხვდურის ინსპირირებითა და წაქეზებით. ვიწვნიეთ რუსეთის აგრესია. დღეს დედასაქართველოს მოწყვეტილია ენგურსგაღმა ტერიტორია და სამაჩაბლო. მაგრამ თქვენი გმირული საქციელი გვავალდებულებს და გვაძლევს რწმენას, რომ არცერთი გოჯი ჩვენი მშობლიური მიწა-წყლისა არ დარჩება დუშმანს და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და ამაყი სახელმწიფო. გარწმუნებთ, ეს დრო სულ მალე დადგება და თქვენ მოესწრებით ამ ბედნიერი დღის დადგომას. 21 წელია ეს თარიღი აღინიშნება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში რომელიც თავის ხმას უერთებს ცივილიზებულ მსოფლიოს და უარს ამბობს ფაშიზმზე, აგრესიაზე, ომზე“ - განაცხადა მისალმებისას მამუკა ჭოხონელიძემ.
ომის ვეტერანთათვის გაიმართა საზეიმო სადილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითოეულ ვეტერანს თავის პირად ანგარიშზე საჩუქრად ასი ლარი ჩაერიცხა, ხოლო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხობის ბიუროს წარმომადგენელმა თითოეულ მათგანს საჩუქრები და 50-50 ლარი გადასცა.