27 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საჯარო სამსახურების თანამდებობის პირებთან ერთად, ქალაქ ხობისა და ხობის მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლების მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ. პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლება შეხვედრებს ქუჩებში მართავდნენ და საუბარს დიალოგის რეჟიმში წარმართავდნენ. მათ მოსახლეობას გააცნეს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო გარემოს გაუმჯობესება, მოქალაქეთა დასაქმება და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. შეხვედრაზე მოსული მოსახლეობა პარლამენტის წევრებს ესაუბრა როგორც მათს, ასევე თემებისა და სოფლების, ზოგადად მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის და მუდმივი ყურადღებისა და თანადგომისათვის.