ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქვემო ქვალონის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევისა, გურიფულის, პირველი ხორგის, შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის მოსახლეობას შეხვდა. მ. ჭოხონელიძე ქვემო ქვალონში მცხოვრები პენსიონერის, ლამარა ძაძამიას თხოვნით, მას ოჯახში ესტუმრა და გაეცნო მის საცხოვრებელ პირობებს. ემოციური გამოდგა ამავე თემში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლალიტა ფიფიასთან სტუმრობა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ წელს ქვემოთ მოწყვეტილია და მხოლოდ ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, გამოჰყავს ყვავილის ჩითილები, თავად რგავს მათ და შესაშური სიფაქიზით თავადვე უვლის ყვავილნარს. „თქვენ საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრი ხართ, როგორიც თითოეული ჩვენგანია. ამიტომ, მოიხსენით კომპლექსი. გაოცებული ვარ თქვენი მონდომებით და შესაძლებლობებით. იმის გაკეთება, რასაც თქვენ ახერხებთ, ბევრ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს გაუჭირდება. ემოციებს ვერ ვფარავ. გმადლობთ, რომ ეს შეძელით. ჩვენ გაგიწევთ მაქსიმალურ დახმარებას. მე პირადად დაგეხმარებით საზოგადოებასთან ინტეგრირებაში. მიგულეთ თქვენ გვერდით არა მხოლოდ როგორც თანამდებობის პირი, არამედ როგორც მეგობარი“ - განუცხადა მ. ჭოხონელიძემ ლ. ფიფიას.
საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, ეწვია ყულევის საჯარო სკოლას და პედაგოგიური კოლექტივისაგან სკოლის პრობლემების შესახებ მოისმინა.
მ. ჭოხონელიძემ შუა ხორგის თემში მიმდინარე, „ოქროკუდას“ სახელით ცნობილი მწერის წინააღმდეგ შესაბამისი ხსნარებით შეწამვლითი სამუშაოებიც დაათვალიერა.