მიხეილ, დათა, გოგა, ლევან, ზვიად, ლევან, გოგიტა, გოგა, რამაზ, უპირველესად მეც და ყველა თქვენი ჭირისუფალი გეხმიანებით თქვენ და თქვენთან ერთად ყველა იმ ბიჭს, რომლებსაც სიცოცხლე მამულის სამსხვერპლოზე მიგიტანიათ.
გმირობა სათქმელად ადვილია, მაგრამ სინამდვილეში ხიდია ბეწვის - ძნელად გასავლელი, გზა ქრისტესი გოლგოთამდე ასასვლელი... შეიძლება ამ გზის გავლას წლები მოანდომო, მთელი ცხოვრებაც, მაგრამ არაფერი გამოგივიდეს და დარჩე უფერული. ამავე დროს შეიძლება წუთში გაიარო კიდეც და გმირობის შარავანდედი დაიდგა თავზე.
შვილებო, ჩემო პირტიტველა ბიჭებო, თქვენ ეს თვალის ახელაზე უმალ შეძელით. მამულის დაძახილზე თქვენმა ერთგულებამ კიდევ ერთხელ განგვაცდევინა სამიათასხუთასწლოვანი ქართული სისხლის დუღილის სიძლიერე. იმ სისხლისა, რომელიც უმოწყალოდ იღვრებოდა მტრისაგან და დაწრეტილი, წვეთისამარა დარჩენილი ეროვნული ძარღვი რაღაც ღვთიური განგებულებით კვლავ აღივსებოდა.
ბიჭებო... თქვენი დაღვრილი სისხლი ერთიანი საქართველოს ძარღვებიდან დაღვრილი სისხლია.
თქვენ თითოეულ ქართველში ხართ და თითოეული ქართველი თქვენშია.
თქვენი ტოლერანტი ერი, რომლის მიწაზე ხელისგულისოდენა ადგილზე გვერდიგვერდ უშენებიათ ქრისტიანული სიონი, ებრაული სინაგოგა და მუსულმანური მეჩეთი, არ გაიწირება ღვთისაგან, რამეთუ ჰუმანიზმსა და კაცთმოყვარეობაშია სამყაროს გადარჩენის ხსნა და საშველი ( ამაში ცივილური სამყარო კიდევერთხელ დარწმუნდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დღეებშიც და გვერდით დაუდგა კავკასიონის კალთებქვეშ გაშლილ პატარა, თავისუფლებისმოყვარე სახელმწიფოს).
თქვენი ჯიშისა და ჯილაგის დამარცხება, არამცთუ გადაშენება, მიუხედავად თავისი მცირერიცხოვნებისა, ანტიკური დროიდან დღესამომდე ვერ შეძლო ვერც თურქმა, ვერც ოსმალომ, ვერც მონღოლმა, ვერც ერთმა იმპერიამ და ვერცერთი ვერც შეძლებს მის განადგურებას. დადგება ჟამი, კვლავ ერთად იხმიანებს ქართული ოდოია, ლილეო, აფხაზური ვარადა, ვეფხისა და მოყმის დედებთან წილნაყარი ქართველი, აფხაზი და ოსო დედები ერთმანეთთან მივლენ სამძიმრის სათქმელად. კვლავ აღსდგება ბალახით დაფარული ენგურის ხიდი და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ამ გაბრწყინებაში თქვენს თავგანწირვას, თქვენ მიერ გაღებულ სისხლს - ქართველობის მარადისობის ხე რომ მორწყა XXI საუკუნის საქართველოში, შთამომავლობა არ დაგივიწყებთ. მთავარია, თქვენეული თავგანწირვით ჩვენც შევიძლოთ მამულისა და ერთმანეთის სიყვარული, შევიკრათ ერთ სულ და ერთ ხორც, რომ ვუერთგულოთ საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების იდეას. სხვა რა დაგპირდეთ ამ პირობას შეწირულ ბიჭებს.
კოლხური პატარა ქალაქ ხობის და ხობელთა ნებიერა, ამაყო და გმირო ბიჭებო, გაჩნდით თითო-თითო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოჯახში, სხვადასხვა გვარში, სხვადასხვა დედისგან, მაგრამ მარიამობის თვეში ცხრა ძმა ხერხეულიძედ დაიბადენით.
ჩვენი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს ერთობას, ერთმანეთის სიყვარულს, ერთმანეთის გატანას, რაც თქვენ არ შეგშლიათ და არც თქვენს ხობელებს შეგვეშლება.