ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N31
2012 წლის 25 მაისი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო
კამპანიის ჩატარების ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით:
1. ქ. ხობის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატებისთვის განთავსდეს სტენდები შემდეგ ადგილებზე:
ა) პირველი უბნის ტერიტორიაზე - ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიკროავტობუსების გაჩერებაზე და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან;
ბ) მეორე უბნის ტერიტორიაზე - ცოტნე დადიანის ქუჩაზე რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე გოგებაშვილის ქუჩის შესასვლელთან;
გ) მესამე უბნის ტერიტორიაზე - ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთაზე;
დ) ოცდამერვე უბნის ტერიტორიაზე - ცოტნე დადიანის ქუჩაზე კოლხეთის დასახლების შესახვევთან და სტალინის ქუჩაზე რუსთაველის გადაკვეთასთან.
2. მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში არსებულ უბნებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განსათავსებლად გამოყენებულ იქნეს იქ არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა.
3. აიკრძალოს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
4. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას (გ. ღურწკაია) საარჩევნო პლაკატების გამოსაფენად სტენდების დამზადების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საკრებულოს აპარატს (ლ. შამათავა) საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების უზრუნველყოფა არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
6. ეთხოვოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონულ სამმართველოს (ლ. რაფავა) წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განკარგულებით გათვალისწინებული წესების დარღვევის ფაქტების აღკვეთა.
7. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის რაიონულ სასამართლოში (ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N192)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე