12 აგვისტოს ქალაქ ხობში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. ქალაქის ცენტრში ღია ცის ქვეშ გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დიზაინერ სოფიო ხარჩილავას ნამუშევრების ჩვენება თემაზე „ეროვნული კოსტიუმები“.
შეკრებილ საზოგადოებას წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე მიულოცეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ. მისასალმებელ სიტყვაში მეუფე გრიგოლმა აღნიშნა: ვახსენებთ რა ცოტნეს სახელს, განსაკუთრებულად ვგრძნობთ და განვიცდით იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვაკისრია ერისა და ქვეყნის წინაშე. დღევანდელი დღე -ცოტნეობა და დიდგორობა - სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარულის დღეა. დღევანდელი დღე არა მხოლოდ წარსულის გახსენების, არამედ მომავლისკენ ხედვის დღეცაა. ჩვენი სახელმწიფო თანდათანობით ძლიერდება და მყარ საფუძველს უქმნის ქვეყნის მომავალს.
„ცოტნეობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით.