14 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის დავით ჯანდიერის, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან სამადაშვილის, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კახა ბუკიასა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კახაბერ ბენიძის მიერ ჭალადიდის თემში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
აღნიშნული ცენტრი სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას. როგორც საზოგადოებრივი ცენტრის პროექტების მენეჯერმა მარიამ წიქვაძემ აღნიშნა : „ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეექვსეა საქართველოში და წარმოადგენს საპილოტო პროექტს, რომელმაც საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ჭალადიდის თემში აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, პროექტის ორგანიზატორებს განსაკუთრებული მხარდაჭერა გაეწია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან. პროექტის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კვალიფიციური პერსონალის დახმარებით, ერთ სივრცეში მიიღოს მრავალი სერვისული მომსახურება. კერძოდ, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები, მოახდინონ მიწის რეგისტრაცია, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ისარგებლონ სხვა სერვისით. ამასთან, დასაქმდნენ ადგილობრივი კადრები. პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად დაიფარება მთელი საქართველო და ერთი სივრცის პრინციპით, სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ მიიღებს გაადვილებულ მომსახურებას.“
ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრის დახმარებით, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს ორასზე მეტი სახელმწიფო მომსახურება. ამასთან, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთის“, „ლიბერთი ბანკის“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მომსახურება. დაინტერესებული პირები ისარგებლებენ უფასო ინტერნეტით და შეხვედრების ოთახით, სადაც საჭირო თემებზე კვალიფიციურ კონსულტაციას მიიღებენ.