10 მაისს ხობის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლოტი ილია მეორე, წმიდა სინოდის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით.
პარლამენტის თავმჯდომარემ თანმხლებ პირებთან და ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ძუკუ ლოლუას სახელობის „ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი“ დაათვალიერა და გაეცნო მეგრული სიმღერის ისტორიას.
უწმინდესმა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პირველი მაისის თემში პარლამენტის წევრის, ფონდ“ხობის“ პრეზიდენტის გოდერძი ბუკიას მიერ აღშენებული სამონასტრო კომპლექსი აკურთხა, რომელიც მოიცავს ერთგუმბათიან სამ საკურთხევლიან ტაძარს, წმიდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრს და საპატრიარქო რეზიდენციას.
11 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხობის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ისტორიულ მონასტერს ეწვია, სადაც საზეიმო პარაკლისი ჩაატარა, აკურთხა და დალოცა მრევლი. ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა ილია (ლომაია) დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით, ხოლო დედა ანას გადასცა გამშვენებული ჯვარი.
მოგვიანებით უწმიდესი თანმხლებ პირებთან ერთად ფოთში გაემგზავრა.