31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის აღსანიშნავად, ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას. წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში აღევლინა პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გვირგვინით შეამკეს ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას საფლავი.
ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,ღვაწლი მოწამისა, ღვაწლი მარტვილისა“ მომხსენებელი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა მამფორია.