4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს. ამ დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანთათვის, რადგან დასაბამია საუკუნოდ დაფარული საიდუმლოების აღსრულებისა - მესიის განკაცების მომასწავებელი. ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ ასული უბოძა.
როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდელმსახურთა სიმრავლის თანხლებით. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ყრმას თავისით თითქოს არ შეეძლო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, ღვთის მადლით ფრთებშესხმულმა, დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და საყდარში შევიდა. ზეგარდმო შთაგონებით მღვდელმთავარმა ნეტარი ასული წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“.
საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში ამ დღეს წირვა-ლოცვა აღევლინება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!