25 წელია ქართველი ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის თავშეწირულთა წინაშე ქედს იხრის... დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან იკრიბება, ყვავილებითა და სანთლებით პატივს მიაგებს და ქედს უხრის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა და კერძო სკოლა „არეას“ მოსწავლე-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა კირიონმა პარაკლისი გადაუხადა და უფალს შეავედრა ზეცაში გმირებად ასული სულები. ტკივილიანი დღეები გაიხსენეს და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ხალხურ-შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა. საღამოზე წარმოთქმულ ყოველ სიტყვაში დიდი ემოცია და გულისტკივილი იგრძნობოდა გადატანილი ტრაგედიის გამო. აპრილის გმირებს, დიდება და პატივი არ მოაკლდება იმ ერის შვილებისგან, რომელთაც თავისი თავგანწირვით დამოუკიდებლობა და თავისუფლება აჩუქეს.