16 მარტს სამუშაო გრაფიკის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან მოსმენილ იქნა გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და მის კოორდინირების ქვეშ მყოფმა იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. თავის მხრივ კომისიის წევრების მხრიდან იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ამ დარგში არსებობს დაისვა მწვავე კითხვები. კერძოდ, როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს სოფლად არსებული ბიბლიოთეკები თითქმის არ მუშაობს, არ ხდება იმ რესურსის სწორად გამოყენება, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოში. ასევე ისაუბრეს იურიდიულ პირებში დასაქმებული კადრების გადამზადებაზე, რათა უფრო მოქნილი და საინტერესო გახდეს ბიბლიოთეკის ფუნქცია და რაც მთავარია მოხდეს მკითხველის დაინტერესება, ჩატარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მოხდეს პრეზენტაციები და მოეწყოს ლიტერატურული საღამოები, ასევე სხვა ღონისძიებები. რაც შეეხება სხვა ადგილობრივ იურიდიულ პირებს, კომისიის წევრებმა აღნიშნეს რომ აიპიებში მომუშავე ბუღალტრები აუცილებელია ფლობდნენ თანამედროვე ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამებს, რათა გაუადვილდეთ მუშაობა. რაც შეეხება კულტურის დარგს უმრავლესობის აზრით აუცილებელია შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც რეკომენდაციას გასწევს გამგებლის წინაშე ყველა დაგეგმილ და გასამართ ღონისძიებაზე და პასუხისმგებელი იქნება მის ხარისხზე. კომისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია საინფორმაციო სამსახურებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რათა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ყოველივე ზემო აღნიშნულზე. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. გაბუნიას წინადადების საფუძველზე სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დამაკმაყოფილებლად შეფასდა და მიეცა რეკომენდაცია ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს ასევე წარუდგინა გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა. როგორც სამსახურის უფროსმა მინდია ნაჭყებიამ აღნიშნა, მის დაქვემდებარებაში მომუშავე ყველა პირი დროულად და კანონის სრული დაცვით პირნათლად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობას, თუმცა ამ კუთხით შენიშვნები კომისიის მხრიდანაც დაისვა. ძირითადად საუბარი შეეხო საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების მხრიდან სამსახურებში დროულად გამოცხადებასა და სისტემატურ გაცდენებს და სამსახურს მიეცა რეკომენდაცია მსგავსი სახის გადაცდომების აღკვეთის მიზნით შესაბამისი რეაგირების შესახებ. საბოლოოდ გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დამაკმაყოფილებლად შეფასდა.