აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერისა და ხეთის მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმში, ღია კარის დღეები მოეწყო. ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმში ისაუბრეს „ქართული-ხალხური სიმღერის მოამაგეთა ღვაწლზე მეგრულ ფოლკლორში“, ხოლო ხეთის მუზეუმში ეთნოგრაფიული მასალების, ხელთნაკეთი და ავთენტური ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ეკა ხასია ესწრებოდნენ. აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.