4 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოწვეული იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და პრესის წარმომადგენლები. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც მოიცავდა ხალხისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. ორგანიზაციის მიზანია მიიღოს მეტი ინფორმაცია მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე და ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მომავალში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.