ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხატვის წრის აღსაზრდელებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლებმა ხობელ პატარებთან ერთად მოსწავლეთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი ათასფრად მოხატეს. ანიმაციის განვითარების ფონდმა, ფესტივალ ,,ექოთოფუზის" ორგანიზატორებთან ერთად ხობელი პატარებისთვის კოსტუმირებული მსვლელობა და ანიმაციური ფილმების ჩვენება მოაწყვეს. კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი სახელწოდებით „ეს ჩვენი ბავშვობაა“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა. დასასრულს კი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ პატარებს მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და კონკურსის „ოქროს თაობა“ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადასცეს.