ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის ტექნიკა (მოტობლოკები, საკერავი მანქანები, გაზქურა, მაცივარი) უსასყიდლოდ გადაეცა.
პროექტის ბენეფიციარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მახარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტი ითვალისწინებდა ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (მწვავე, ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირებისათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას; სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილეობას.