30 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რეგლამენტში განხორციელდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან,საკრებულოს პირველ სხდომასთან დაკავშირებული პროცედურების, განსახილველი საკითხების და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების საკრებულოს კომისიებში გაწევრიანების თაობაზე ცვლილებების ასახვა.
სხდომაზე დამტკიცდა დადგენილების პროექტი „მშენებლობის შეჩერების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელების პროცედურული საკითხები, რომელთა მიზანია ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერებული მშენებლობების კონტროლის პროცესის გაუმჯობესება და კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული შეჩერებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“. მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა შემოსულობების ნაწილში 22576,8 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 26479,2 ათასი ლარი, აქედან 10971,3 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტია ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებით შემოსულობების გეგმა შესრულებულია 99.53%-ით.
განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც შეირჩა მოსახლეობასთან კონსულტაციით და მერიის ორგანიზებით ჩატარებულ ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებებზე.
ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის გაყოფის შედეგად შუა ქვალონი ჩამოყალიბდა ცალკე დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად. აღნიშნულის გამო საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ინიციატივა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლისთვის სახელის შეცვლისა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონის საჯარი სკოლის სახელის მინიჭების თაობაზე, რაზედაც საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა განკარგულება „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლისთვის სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონის საჯარო სკოლის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.