29 აგვისტოს, ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „იუვენტუსის“ აკადემიისა და „ტორპედო“ ქუთაისის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი. მეორე ადგილზე გავიდა „ტორპედო“ ქუთაისის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი ხონის სასპორტო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტი გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის,სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.