16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფელმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საგვიჩიოელები გავიდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.