18,19 და 20 სექტემბერს მთელს მსოფლიოში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით.
კამპანია ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში. გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კამპანიაში 18 სექტემბერს ჩაერთვნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა,საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გამგეობის სამსახურების და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები , მათ დაასუფთავეს ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ქუჩები და სკვერები.
აქციაში მონაწილეობის მიზანია მოსახლეობამ თავად შეიტანოს გარკვეული წვლილი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ხობის მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორია მედეა ქობალია, კამპანია ტარდება ყოველი წლის სექტემბრში და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მისი დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა „დავასუფთაოთ მსოფლიო".
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.
აქცია ხობის მუნიციპალიტეტში არ არის ერთჯერადი ხასიათის, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.