ძვირფასო ხობელებო, თანამოქალაქენო! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს-26 მაისს! ეს დღე ძვირფასია ყოველი ქართველისთვის და მას მუდამ აღვნიშნავთ უდიდესი პატივითა და სიამაყით, მაგრამ დღევანდელობას ახლავს უდიდესი განსაცდელი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე, ვინაიდან საქართველო, რომლის ისტორია, გარეშე მტრებისაგან თავდასხმებისა და სამშობლოს მიწა-წყლის დაცვისათვის გმირული ბრძოლების ეპოპეაა, 21-ე საუკუნის თავისუფალ და ცივილურ სამყაროში, ისევ ტერიტორიებ წართმეული, აგრესორის მიერ ოკუპირებული ქვეყანაა და ვდგავართ უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ჩვენი თაობის ვალდებულებაა ყოველივე ამის ღირსეული გადალახვა და ჩვენი სახელოვანი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი მიზნის მიღწევა.
დღეს, როცა იცვლება გეოპოლიტიკური სივრცე და ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, საქართველოს ადგილი ცივილიზებული სამყაროს გვერდითაა. აქაა ქვეყნის გადარჩენისა და ჩვენი ისტორიული იდეალების - დამოუკიდებლობისა და განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ, ქართველი ხალხის ერთობით და მსოფლიო თანამეგობრობის თანადგომით, საქართველო აუცილებლად დაიკავებს თავის კუთვნილ ღირსეულ ადგილს თანამედროვე თავისუფალ მსოფლიოში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღს, სიმბოლურად და განგების ნებით ემთხვევა, ეროვნული გმირის, ერის სინდისად აღიარებული მერაბ კოსტავას დაბადების დღე . ყოველ ამ დღეს,ალბათ მერაბის რაინდული სული ზეციური საქართველოდან თავისი საყვარელი მოწოდებით გვეხმიანება - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი! არს და იქნება!“
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ლევანი ქავთარაძე