ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას თაოსნობით ქალაქ ხობში დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, სიმინდის გადამამუშავებელი და ზეთის მწარმოებელი საწარმოს გახსნა. ბატონი გ. ბუკიას განმარტებით: „ხობში ხორციელდება 2 დიდი პროექტი. ეს არის სიმინდის ზეთის და სიმინდის კომბინირებული საკვების წარმოება. ერთი ხორციელდება სასოფლო უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში და მეორე, კერძო ინვესტიციით. ეს იქნება საქართველოში პირველი საწარმო, რომელიც ნედლეულის თითოეული გრამიდან მაქსიმალური ღირებულების შექმნის პრეცენდენტს დანერგავს. ამ საწარმოს შექმნა იქნება ერთგვარი სტიმული მომიჯნავე საწარმოების გახსნისა და საწარმო იზრუნებს მცირე მეწარმის კეთილდეღეობაზე და ვფიქრობთ ეს დაასტაბილურებს ბაზარზე სიმინდის ფასს. ხელს შეუწყობს სასაწყობე მეურნეობის შექმნას. აუცილებელი მოთხოვნა იქნება ქართული, ადგილობრივი ნედლეულის ჩაბარება. საწარმო დაკომპლექტდება ადგილობრივი მუშახელით, რომელიც შესაბამისი სწავლებით და ტრენინგებით იქნება უზრუნველყოფილი.“
პროექტის ავტორი და ინიციატორია შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, შემსრულებელი შვილობილი კომპანია ხობში შპს „კოლხა.“