საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე შედგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სიის მიხედვით, ბიოლოგიაში პირველადგილოსანი ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლა გახდა; ხოლო, ისტორიაში ამავე სკოლის XII კლასის მოსწავლემ, ნოდარ ქირიამ გაიმარჯვა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში124 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცა რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას.