ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანიას.
კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ეგიდით არაერთი თემატური ღონისძიება გაიმართა.
ქალაქში განთავსდა საინფორმაციო ბანერი, კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები რომლებიც საბჭოს წევრებმა მოსახლეობას დაურიგეს.
12 სოფელში (საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ძველი ხიბულა, ხეთა, ხამისკური, თორსა-დღვაბა, პირველი მაისი,ჭალადიდი, საგვიჩიო, შავღელე, პატარა ფოთი), ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, აღნიშნული სოფლების შერჩევა მოხდა პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების განაწილების მიხედვით. შეხვედრები გამოირჩეოდა მოსახლეობის მხრიდან მაღალი ინტერესითა და დისკუსიებში აქტიური ჩართულობით.
საკრებულოში ჩატარდა ორი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ბიუჯეტირება“ და „გენდერული ნიშნით ძალადობა და მუნიციპალიტეტის როლი ძალადობის პრევენციაში“, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.
სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით კამპანიის ფარგლებში ქალებისთვის კლინიკა „მკურნალში“ ჩატარდა ფარისებრ ჯირკვალზე უფასო სამედიცინო სკრინინგ აქცია, კლინიკის ექიმმა რადიოლოგმა ნათია სალაყაიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ქალბატონი გამოიკვლია.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.