21 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტმა სამეგრელოს რეგიონის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდობის სააგენტოს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“, „განათლებისა და განვითარების ცენტრ თოლისკურის“ და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდული პროგრამების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძეიბის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წევრები, სსიპ ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოს რეგიონში, ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და სექტორთშორისი დიალოგის მხარდაჭერა.