საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხობის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები იმართებოდა.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ხობის ცენტრალურ პარკში მოეწო ყვავილების, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. გამოიფინა წიგნადი ფონდი, ისტორიული ძეგლების/ექსპონატების ფოტო მასალა, წარმატებული სპორტსმენების ჯილდოები.
მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა, ჩატარდა ასფალტზე ხატვის კონკურსი.
ჩატარდა სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები: ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ქუჩის კალათბურთში.
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა ფლეშმობი მოაწყვეს.
გაიმართა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო და ევროპა”.
ხობის ცენტრალურ სტადიონზე მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხეთის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხობის „კოლხეთი 2017 ის“ გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გუნდი „კოლხა“ გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
კულტურის სახლის წინ გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. ანსამბლი ,,კოლხეთისა“ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის მონაწილეობით შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
26 მაისის ღონისძიებები დღის ბოლოს, დასკვნითი გალა კონცერტით ანსამბლ ,,თბილისური კვარტეტის” შესრულებით დასრულდა.