12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
წირვის შემდეგ ხობის საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „ცოტნე დადიანი და შოთა რუსთაველი“. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალქსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.