სსიპ კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას პროექტის ,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია (მე-2 ეტაპი)“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა. კოლეჯში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამა „მემცენარე და ფერმერი“ ფუნქციონირებს. აღნიშნულ პროფესიას ადგილობრივი სტუდენტები ეუფლებიან. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ და „გაეროს განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლები კოლეჯ „ფაზისის“პედაგოგებს, სტუდენტებს შეხვდნენ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს. პროექტს „გაეროს განვითარების პროგრამა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ დაფინანსებით ახორციელებს. კოლეჯში, ახალი სასწავლო წლიდან აგრომაქანიკოსისა და მებაღეობის პროგრამა ამოქმედდება.