15 მაისს, ქალაქ თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“. შეხვედრის მიზანია გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური უზრუნველყოფა და ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე, მისი რეალიზების ძლიერი მექანიზმების შექმნა. შეხვედრაზე ისაუბრეს თვითმმართველი ერთეულების როლზე, უზრუნველყონ ქალებისა და მამაკაცების თანაბარი ჩართვა თვითმმართველობის საკითხებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტის მერებთან, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეებთან და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეებთან ერთად ესწრებიან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება.