ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა. “ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა, ოჯახის ექიმები, მერიის, საკრებულოს და თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო დაწესებულებებში; ხოლო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.