საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, მდინარე ყორათზე აშენებული ხიდი დაათვალიერეს. მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა ავარიულ მდგომარეობაში არსებული ხიდი, პრობლემის მოსაგვარებლად აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 22 ადამიანი.