ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოხალისეთა ჯგუფის წევრებს კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.
ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც 15 მოქალაქეა გაერთიანებული. მათ შორისაა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. მოხალისეებს სპეციალური ეკიპირება, ნიღბები და ხელთათმანები გადაეცათ.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.