23 დეკემბერს, პროექტის ,,საქართველოს მთავრობა-ღია მმართველობისთვის ფარგლებში", სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ორი წლისა და რეგიონის რწმუნებულის-გუბერნატორის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის პრეზენტაციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა. ამ სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმის შედეგად რეგიონში მცხოვრები 476 ათასი ადამიანია დაზღვეული.
ორი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 397 მილიონი ლარი შეადგინა. განხორციელდა 956 ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც 5000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა და მუნიციპალიტეტის ინტელიგენციის წარმომადგენლები.