8 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში. შეჯიბრებაში ხობის ადმინისტრაციული ერთეულებიდან 16 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ზონების მიხედვით, ოთხ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ფინალში ერთმანეთს თორსის ადმინისტრაციული ერთეულისა და ქალაქ ხობის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით დასრულდა.
ფინალულ შეხვედრას და დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, რომელიც ლელობურთის ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.