25 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირის გახსნის ცერემონიას ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი სპორტსმენები და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ესწრებოდნენ. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“, აბაშის „ზანას", ოზურგეთის „მგლების", ხონის, ბათუმის, ზუგდიდის და მარტვილის სასპორტო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.