საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის N223/ნ ბრძანებით სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას დიდი მეცნიერის, ილია ქვარცხავას სახელი მიენიჭა.
საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც განხილული იყო პედაგოგიური კოლექტივისა და მშობელთა კომიტეტის ინიციატივა, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის დიდი მეცნიერის, ილია ქვარცხავას სახელის მინიჭების შესახებ. რაზედაც საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა განკარგულება „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის დიდი მეცნიერის, ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. რაც სამინისტროს მხრიდან დადებითად გადაწყდა.