სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხობის ხარების მონასტერში დაბრძანებულია აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. მრევლს საშუალება აქვს 13 აგვისტომდე მოილოცოს
სიწმინდეები და მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ ლიტურგიაში.
დღეს, 11 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მღვდელი შალვა ჯაჯანიძე და პროექტის „ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის“ წევრი ბექა ოქროპირიძე. მათ ისაუბრეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე, საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვებაზე, ათონის ივერთა მონასტერზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების ისტორია, პარალელურად გაიმართა აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების საქართველოში მოგზაურობისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიის შესახებ შექმნილი ფილმების ჩვენება.