2014 წლის 21 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პირველ და მეორე საკითხად ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ და ფრაქცია „თავისუფლების“ რეგისტრაციის შესახებ განკარგულების პროექტები (მომხსენებელი ნუგზარ - შუშანია-სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
მესამედ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტები (მომხსენებელი: ზვიად ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი), რომლის თანახმადაც რეგულირდება ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა და ყალიბდება საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად აუცილებელი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა (მომხსენებელი: დავით ჭოჭუა-გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი), სადაც საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს სხვადასხვა სახის შენიშვნები ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, რაზედაც ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ წერილობით ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მოსმენილ იქნა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტში 2015-2017 წლებში რეგიონალური განვითარების, მუნიციპალური განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებული პროექტების შესახებ (მომხსენებელი: ანტონ ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.