28 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, კრების მოწვევის, საკითხების ინიცირების, კენჭისყრის გამართვის და საქმიანობის წესები, ასევე საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.
ასევე განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის სამუშაო გეგმა რომელიც მომზადებულია იმ პროექტების გათვალისწინებით, რომლებიც კვარტლების მიხედვით უნდა მომზადდეს გამგეობის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს კომისიების მიერ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შოთა სირაძის მოსამართლედ არჩევის გამო, მისივე განცხადების საფუძველზე მას ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. რის შემდეგაც საკრებულოს წევრების მიერ ფარული კენჭისყრის წესით ზემოთ ხსენებული კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ლაშა ცატავა.
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული სპეციალური პროგრამები. რომელიც წინა წლებისგან განსხვავებით საგრძნობლად გაუმჯობესდა და დაემატა შემდეგი სახის პაკეტები:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 0-18 წლამდე სამედიცინო სარეაბილიტაციო ერთჯერადი დახმარება;
2. „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევის დაფინანსება პროგრამული მკურნალობის დასაწყებად;
3. უსახლ-კაროდ დარჩენილთათვის, რომლებიც საჭიროებენ თავშესაფარს და აქვთ გაკეთებული განაცხადი შესაბამის სტრუქტურებში, დახმარება ყოველთვიური ბინის ქირის გადასახადისთვის;
4. 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
5. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება.
ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის მუნიციპალურ პროგრამით დაემატა ექიმის მომსახურება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: პირველი ხორგა, ზემო ქვალონი და ბია, ხოლო თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დამატებით ასევე ერთი მედდის შტატი, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.