12 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ“ რომლის თანახმადაც შეიქმნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თემურ გულუა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ ია ჯიშკარიანი. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განხორციელებული ცვლილების თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირების ჩამონათვალს დაემატა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საკრებულოს რეგლამენტში და საკრებულოს თანამდებობის პირების ჩამონათვალს დაემატა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1200 ლარის ოდენობით. საკრებულოს ფრაქციების მიერ შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ფრაქციის წესდებებში და არჩეულ იქნა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები, კერძოდ: ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულია გოჩა ჯობავა და დავითი ცინაძე; ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილედ აბელი ქირია, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილედ გოჩა სიჭინავა.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ რომლის თანახმადაც ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ლიმიტების შემცირების ხარჯზე საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის, როგორც შტატით გათვალისწინებული, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის განისაზღვრა თვეში 5 ლარის ოდენობით ფიჭური სატელეფონო მომსახურების ლიმიტი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.